საუკეთესო ბლოგი, რომელიც წაგიკითხავთ! 🌊
ამ სათაურის წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, გაიფიქრებდით, ასეთი რა ბლოგია? ვინ დაწერა? რატომ არის მაინც და მაინც ეს საუკეთესო და არა ჩემი ბლოგი? ან საიდან ამხელა ამბიცია და თვითშეფასება?
ამ ბლოგში ზუსტად თვითშეფასებაზე მინდა დავწერო, ყოველ შემთხვევაში, შევეცადო, ჩემი მასთან ურთიერთობა გაგიზიაროთ. თვითშეფასება ბუნების რომელიმე ელემენტი რომ იყოს, ალბათ, ტალღა იქნებოდა. ხანდახან ძალიან ბობოქარი და შეუპოვარი, ხანდახან კი - მილეული და უსუსური. თვითშეფასებაზე, ისევე, როგორც ტალღაზე, დიდ გავლენას ახდენს გარე ფაქტორები. Მაგალითად, თუკი ქარი ძლიერად უბერავს - ტალღებიც, შესაბამისად, უფრო მაშტაბური და დიდი ზომისაა. ადამიანებშიც დაახლოებით ასეა. დააკვირდით, როდესაც ადამიანს ვაქებთ, ვამხნევებთ, ვეუბნებით კომპლიმენტებს - მათი თვითშეფასებაც ამგვარად, ტალღის პრინციპით ძალას იკრებს და იზრდება. ამიტომაც, რაც შეიძლება ხშირად შევეცადოთ, როგორც სხვები, ასევე საკუთარი თავი შევაქოთ და დადებითად დავმუხტოთ.
თვითშეფასების თემას იმიტომ შევეხე, რომ ბოლო პერიოდში დიდი გავლენა მქონდა გარე ფაქტორის - კარანტინის წყალობით. ჩემი და კიდევ ჩემი ბევრი თანატოლის თუ მეგობრის თვითშეფასება იმ ტალღებს დაემსგავსა, ერთმანეთს რომ ეჯახებიან, მაგრამ რეალურად, უკან რომ იხევენ. (დიდად არ გამომდის პეიზაჟების აღწერა).
საქმე, ჩემი აზრით, იმაშია, რომ რადგან ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ რეჟიმში ვცხოვრობთ, რომ ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს/გვქონდა, რის გამოც ჩვენი თავისგან (ყოველშემთხვევაში მე) პროდუქტიულობასა და ტონუსსში ყოფნას ველით და მოვითხოვთ. თუმცა, როდესაც ამ ყველაფერს მეტ-ნაკლებად ან საერთოდ ვერ ვასრულებთ, ჩვენი თვითშეფასება უფრო და უფრო ქვემოთ დადის, რადგან ვთვლით, რომ არასაკმარისი ნებისყოფა გვაქვს ან არასაკმარისად ძლიერები ან არასაკმარისად... ვართ. ვუყურებთ ვიდეოებს სახელწოდებით “როგორ ვიყოთ პროდუქტიულები კარანტინში” მაგრამ ნახვის შემდეგ მაინც ნეტფლიქსის ყურება და ტიკტოკში ყოფნა გვირჩევნია… ის რაც ასე თუ ისე სიამოვნებას გვანიჭებს.
ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, დავიწყებ იქედან, რომ ეს არ არის საუკეთესო ბლოგი, რომელიც წაგიკითხავთ. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. კომენტარებში დაველოდები გამამხნევებელ მესიჯებს, რომ კარგი ბლოგი იყო, რათა თვითშეფასება ამიმაღლდეს.
რაც შეეხება ბოლო წინადადებას - აკეთეთ ის რაც თქვენ გსიამოვნებთ, რადგან მხოლოდ ასე იქნებით ბედნიერები. ბედნიერების ქარის დაბერვასთან ერთად კი თქვენი თვითშეფასების ტალღაც გაიზრდება და იცოდეთ, რომ იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გგონიათ,რომ შეგიძლიათ.
ნინიკო ბურჯანაძე
Comments
Post a Comment